სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა

საშინელებათა ფილმებში არაერთხელ მინახავს კადრი, როდესაც მსოფლიო თითქოს დროებით არსებობას წყვეტს. ადამიანებისაგან დაცარიელებული ქუჩები, ბავშვების ჟრიამულის ხმას მოკლებული პარკები, დახურული სავაჭრო ცენტრები, ასეთი კადრები ჩემში შიშის გრძნობას ბადებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალურად გადამხდენოდა თავს. 2020-მა წელმა ამ სურათის რეალურ სამყაროში გადმოტანა და გაცოცხლება შეძლო, უხილავმა მტერმა სახლში იძულებით გამოგვკეტა და ყოველდღიურ რუტინას ჩამოგვაშორა. მთლიანად მოგვწყვიტა ცოცხალ ურთიერთობას. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი დაინფიცირებული, გაჩერებული დრო, გაჩერებული მსოფლიო. ამ ყველაფერმა ადამიანებს არა მარტო მატერიალური არამედ სულიერი ტრამვებიც მოუტანა.

 რათქმაუნდა აღნიშნულმა ჩემზეც იმოქმედა, ძნელია როდესაც მძიმე რეალობასთან გიწევს თვალის გასწორება. ძნელია როდესაც ხალხის თვალებში უიმედობას და სასოწარკვეთას კითხულობ.

 ნუთუ ეს დასასრულია? ამის მერე რა მოხდება? გვეშველება რამე? ეს და ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში, მეშინოდა ტელევიზორის ყურების მხოლოდ იმის გამო, რომ კარგს ვერაფერს გავიგებდი.

იცით ამ ყველაფრის მიუხედავად პანდემიას თავისი დადებითი მხარეებიც ქონდა, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაძლევდა საშუალებას ყოველდღე დავლაპარაკებოდი უფალს. ძალიან ბევრი კითხვა მქონდა მასთან და იცით ყოველ დღე მისგან ვიღებდი პასუხს. მქონდა მოწოდებაც, ვგრძნობდი ძალას და იმედს. მე ვგრძნობდი მის თანდასწრებას ჩემს ყოველდღიურობაში, ის არ მტოვებდა და არ მაძლევდა დასუსტების საშუალებას.

როდესაც მსოფლიო ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, გამონაკლისი არც ეკლესია გამხდარა. უჩვეულოა როცა კვირა დღეს სახლიდან გაუსვლელად ფინჯანი ყავით შეგიძლია ვირტუალურად დაესწრო მსახურებას. ყველაზე მეტად ის მიხაროდა. რომ ქადაგებას უსმენდნენ ისეთი ადამიანებიც რომლებიც ეკლესიაში ჩვეულებრივად არ დადიან. ვირტუალურად ვამხნევებდით ერთმანეთს, აქტიურად ვაზიარებდით ბიბლიიდან სამოტივაციო მუხლებს ეს ყველაფერი კი ნამდვილად დიდი მხარდაჭერა იყო თითოეული მორწმუნისთვის.

 იცით ეს პანდემია ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია როცა უფალთან ერთად ცხოვრობ. ღმერთი არასდროს მოგივლენს ისეთ განსაცდელს რომლის გადატანასაც ვერ შეძლებ. ყოველი დღე მადლიერებით დაიწყეთ, მადლობა გადაუხადეთ უფალს იმისთვის რაც გაგაჩნიათ. სთხოვეთ მას, რომ დაგანახოთ სწორი გზა. ყველა სიტუაციაში მოუხმეთ უფალს და ის მოვა თქვენთან, დაუძახეთ და ის აუცილებლად შეისმენს თქვენს ხმას, მიენდე მას!

ბოლოს მინდა  გაგამხნევოთ  ჩემი საყვარელი მუხლით წმინდა წერილიდან. „ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“. ეს. 41:10

გახსოვდეთ მსოფლიოც, რომ გაჩერდეს. ადამიანებმა ზურგი, რომ გაქციონ ღმერთი არასდროს მიგატოვებს, ის ობლად არ დაგტოვებთ. მოუხმე მას! რას ელოდები?

 

როზა კნოევა, თბილისი, საქართველო. 2020