სამი დღის ოთხი ამბავი

პარასკევის გვიან საღამოს, მომცრო სამზარეულოში, ხსნის არმიის ოფიცრები და ჯარისკაცი ლევანი, ნინო და პავლე ღამის თბილისში სამოგზაუროდ ემზადებიან. ნინო ქვაბებს დასტრიალებს, პავლე და ლევანი კონტეინერებში ალაგებენ ცხელ საჭმელს. ჩაითაა ავსებული უზარმაზარი თერმოსიც.

იტვირთება მანქანა და კოტე აფხაზის ქუჩისკენ იღებს გეზს: როგორც მაიორი ნინო მიხსნის, დათქმული ტრაექტორიით, აქ ეგულებათ ის უსახლკაროები, რომლებსაც წინა წლებში, ყოველ ღამით, პირველებს აწვდიდნენ ხოლმე საკვებს. მეათე წელია, ქალაქში როცა აცივდება, „ხსნის არმიის“ სხვა მოხალისეებთან ერთად იწყება მორიგეობა იმისათვის, რომ ყოველდღიურად შედგეს საქველმოქმედო საქმიანობა.

ამ წელს პირველად დღეს გადიან ქუჩაში. მიუსაფრებისთვის ცხელი საჭმლისა და ჩაის შეთავაზების პროცესი, როგორც წესი, ღამის პირველ საათამდე მაინც გრძელდება. ქუჩებში დარჩენილებს სახელებითაც იცნობენ უკვე, ემეგობრებიან და ხანდახან იმასაც ახერხებენ, მონატრებაზე მომჩივან ადამიანებს მურაბა შესთავაზონ, თანაც, ასეთი შემთხვევაც ჰქონიათ – ჩიხირთმა მოუმზადონ თხოვნით და რომელიმე საღამოს განსაკუთრებულად გაახარონ. ნინო მეუბნება იმასაც, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ქრისტეს ადამიანები მოქმედებით ეცნობოდნენ. წუხს, რომ ბევრად მეტს შეძლებდნენ, სახელმწიფოს მხრიდან რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა. ენდომებოდა, უსახლკაროთა თავშესაფარი მოეწყო თბილისში, სადაც იცის, იცხოვრებდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ათი წლის განმავლობაში პირადადაც გაიცნო.

შაბათის შუადღის საქმეს კაპიტანი რეზო და ხსნის არმიის მოხალისეები მაია და დიანა შეუდგებიან. ამჯერად, გაჭირვებულ ადამიანთა სია აქვთ შედგენილი, ვისაც პანდემიის პირობებში სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. დღესაც დატვირთულია მანქანა – საბარგული სხვადასხვა პროდუქტითაა სავსე, სახლებში რომ მიიტანონ და დაარიგონ. სიას მრავალი წყაროთი ადგენენ. მაგალითად, მოძებნილი ჰყავთ ისეთი ადამიანები, ვინც სატელევიზიო რეპორტაჟებით გაიცნეს და გადაწყვიტეს, დახმარება შეეთავაზებინათ; ზოგი თავადაც უკავშირდება „ხსნის არმიას“; ზოგიც ისეთია, ვინც მათ ეკლესიას სტუმრობს და რომლებზეც იციან, რომ უჭირთ.

კვირა დილა ღვთისმსახურებით იწყება. ეკლესიაში შესვლამდე მრევლის თითოეულ წევრს სიცხეს უზომავენ, შემდეგ სკამებზე განლაგდებიან და მიმართვის მოსასმენად ემზადებიან. ერთად კითხულობენ ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთს, თავიანთ ქრისტიანულ გამოცდილებებზე ყვებიან, ღმერთს თაყვანისცემას გალობით მიაგებენ… საგალობლები სხვადასხვა მუსიკალური საკრავებით, გიტარებით, დასარტყამი ინსტრუმენტებითა და ვოკალის თანხლებით სრულდება.

კვირა საღამო კი ახალგაზრდული მსახურებისთვისაა დათმობილი. ამ შეკრების ფორმატი დილის მსახურების მსგავსია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი კონკრეტულად ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებს ეთმობა. მაგალითისთვის, ამ კვირის შეხვედრისას ხსნის არმიის ცენტრში გარდამავალი ასაკისათვის ხშირად თანმხლებ დეპრესიაზე და მისი დაძლევის გზებზე იასუბრეს. მსახურებასთან ერთად, თამაშიც გაიმართა – დარბაზში გუნდები შეიკრა, რომლებმაც „რა? სად? როდის?“- ის მსგავს პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ეკლესიის რწმენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას „ხსნის არმიის“ 1980 წლის აქტის ჩანაწერი შემდეგნაირად გვაწვდის:

„ხსნის არმია’’ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია განსხვავებული მართვის და საქმიანობის სისტემით. ხსნის არმიის დოქტრინები ირეკლავს ქრისტიანულ რწმენას. ჩვენი მიზანია „ქრისტეს სიტყვის, კეთილი უწყების გავრცელება, ადამიანების რწმენაში განმტკიცება, მიუსაფართა დახმარება და სხვა საქველმოქმედო საქმიანობები, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და კაცობრიობას.“

ლონდონში 1865 წელს წამოწყებულ მოძრაობას, დღეს, მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გამოძახილი. ერთ-ერთია საქართველოც.

ავტორი: მარიამ სამუშია

მომზადებულია

USAID-PROLoG – Promoting Rule of Law in Georgia Activity

– მხარდაჭერით

 

Leave a Reply

Your email address will not be published.