ქალთა მსახურების საფუძველი და მნიშვნელობა ხსნის არმიის ეკლესიაში

სახარებაში ვკითხულობთ: „როცა იესო ბეთლემში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, და ნადიმად იჯდა, მოვიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი, ძვირად ღირებული ნარდისა, გატეხა მან ალებასტრონი და თავზე მოასხა მას“ (მარკ., 14, 3). ეს იყო ქალის მიერ უფლისადმი სიყვარულისა და მომსახურების  პირველი გამოხატულება. ქალი უკეთ მოიქცეოდა თუ ნელსაცხებელს ღარიბთა სასარგებლოდ მოიხმარდა. მაგრამ იესო იცავს მას: „მოეშვით მაგას, რატომ არცხვენთ? მან ხომ სიკეთე მიყო. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად.“) მარ., 14, 6-8). ე. ი. ქალი ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა.

ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ქალები უფალს უანგაროდ, სულის მონდომებით ემსახურებოდნენ. ესენი იყვნენ: მარიამ მაგდალინელი, სუსანა, იოანა, – ჰეროდეს მნე, ქოზას ცოლი და სხვები (ლუკა, 8:2-3). თავად უფალიც მიესალმებოდა ქალთა სტუმართმოყვარეობას და დახმარებას. ეს იყო მოციქულ პეტრეს სიდედრთან (მარკ., 1,31), რომელიც ციებ-ცხელებისგან განკურნა, შემდგომ კი მარიამთან და მართასთან (ლუკა, 11, 38-42). ქალები იესოს პირველი მიმდევრები და მოწაფეები იყვნენ. ჯვარცმამდე უფალი სწორედ ქალებმა გააცილეს და უფლის აღდგომის პირველი მოწმეებიც სწორედ ქალები იყვნენ.

როგორც ვნახეთ, მთელ წერილს ხაზგასმულად გასდევს ქალთა დიდი ღვაწლი უფლისადმი მსახურებასა და სახარების გავრცელებაში.უფრო მეტიც,  პავლე მოციქული ასე განუმარტავს გალატელებს მაცხოვრის მიერ ნაუწყებს: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი, არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ., 3.28). სწორედ ეს გახლავთ ქალთა მსახურების საფუძველი ხსნის არმიის ეკლესიებში, მოგეხსენებათ რვა ადგილობრივი ეკლესიით არის წარმოდგენილი ხსნის არმია საქართველოში და ყოველ ადგილზე ქალთა მსახურებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს გახლავთ ქალთა ლიგა,  რომელსაც ოთხი მიმართულება აქვს: განათლება, თაყვანისცემა, მსახურება და ურთიერთობა. ნებისმიერი ქალბატონისთვის კარი ღიაა ამ მსახურებაში. ისინი ჩართულები არიან ქველმოქმედებასა და შემწეობის გაზიარებაში. ასევე არსებობს ქალთა ყოველკვირეული მცირე ჯგუფები ბიბლიის შესასწავლად, სადაც წმინდა წერილი იკითხება და შეისწავლება, ლოცვის ჯგუფები- ერთმანეთზე ზრუნვა და ლოცვითი საჭიროებების გაზიარება. ყოველწლიურად იმარტება ქალთა რალი, სადაც მოპატიჟებული არიან კორპუსებიდან ყველა ასაკის ქალბატონები ღვთის სადიდებლად, სიტყვის გასაზიარებლად და ურთიერთობისათვის.

საქართველოს რეგიონში ქალთა მსახურება ერთ-ერთი ნაყოფიერი,  კურთხეული და მზარდი მსახურებაა რომელიც მიესალმება ყოველ ქალბატონს ვინც ეძებს ღვთის ნებას, ვინც იძენს და მდიდრდება სულიწმიდის ნიჭებით და ვინც მოშურნეა  უყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.