აღდგომის ბოლო სიტყვა

იესოს ჯვარცმის და აღგდომის ისტორიის მთავარი გმირების უმეტესობა ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდა ერთი რამის გარდა: იესოს ისტორია დასრულდა.

პონციუს პილატე (პონტოელი) დარწმუნებული იყო, რომ მას ჰქონდა საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მის პრეფექტურაში მიმდინარე ყოველ მოვლენაზე. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერიაში ეს იყო ყველაზე პრობლემური რეგიონი, პილატე უდაო ავტორიტეტით სარგებლობდა. თუ ის გადაწყვეტდა, რომ უდანაშაულო ადამიანი მოეკლათ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად, ასეც მოხდებოდა. მან იესო გადასცა ჯვარზე გასაკრავად და მისი ბრძანებით დადგეს მათთვის კარგად ცნობილი ჯვარზე მკვლელობის არცთუისე იშვიათი თეატრალური წარმოდგენა. მას შემდეგ, როცა გაიგო იესოს სიკვდილის შესახებ, პილატემ კიდევ ერთი მითითება მისცა რელიგიურ ლიდერებს. ‘უდარაჯეთ’ – თქვა პილატემ. „ თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით.“(მათე 27:65). სამმაგი დაცვა დაუყენეს სამარხს: დიდი ლოდი მიაგორეს და შესასვლელი ჩაქოლეს. ოფიციალურად დაბეჭდეს, რაც გაფრთხილების ნიშანი იყო და შეაირაღებული მცველები დაუყენეს, რომლებიც უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ არავინ მიუახლოვდებოდა სამარხს.

მარიამს, იესოს დედას ესმოდა როგორ იტანჯებოდა მისი საყვარელი ადამიანი. ის ხედავდა თუ როგორ იზრდებოდა იესოს მოწინაღმდეგეების ძალა და ყოველდღიურად შიშობდა, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა. საბოლოოდ იესოს ძლევამოსილი მტრები დაიძრნენ კიდეც მის წიანააღმდეგ. მისი დაკავების შემდეგ სავარაუდოდ დადიოდა ხმები მისი ტანჯვის, ცემის და დამცირების შესახებ. როგორ უმწეოდ იგრძნობდა თავს, რამდენად განადგურდებოდა იმის გაგებით თუ რას იტანდა მისი შვილი. მარიამი საკუთარი შვილის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ერთადერთი რისი გაკეთებაც დედას შეეძლო ამ დროს, იყო ის, რომ მწარე აღსასრულამდე მის ახლოს მდგარიყო და მისი ძე მარტო არ შეხვედროდა მის ბოლო მტკივნეულ წუთებს. ის იქ იდგა, ჯვართან ახლოს იესოს საბოლოო ამოსუნთქვამდე (იოანე 19:25). სასოწარკვეთილებით სავსე მარიამი დარწმუნებული იყო, რომ საშინელი სიკვდილი იყო იესოს ისტორიის დასასრული.

პეტრემ იცოდა, რომ მისი მსახურება დასრულდა, სიმართლე რომ ითქვას, ეს დაიმსახურა კიდეც. ბოლოს და ბოლოს მან იესო უარყო არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ სამჯერ. სწორედ მაშინ, როცა იესოს ყველაზე ძალიან სჭირდებოდა, მწარედ გაუცრუა იმედი. როცა მამალმა იყივლა, პეტრეს გაახსენდა იესოს სიტყვები- მამლის მესამე ყივილამდე პეტრე სამჯერ უარყოფდა იესოს – მან თავი დახარა მარცხის ნიშნად და მწარედ ატირდა (მათე 26:75). აქამდე პეტრე არასდროს ყოფილა ასეთი სასოწარკვეთილი. მიუხედავად იმისა, რასაც თავის მეგობარს და მასწავლებელს დაპირდა, რომ მოკვდებოდა და მას არასდროს უარყოფდა, მსახური გოგოს დაჟინება საკმარისი აღმოჩნდა მის ამოსაცნობად და გასანადგურებლად. იესოს უარყოფით პეტრემ დაკარგა მსახურება, რომელიც მისი ცხოვერბა და სიხარული გამხდარიყო ბოლო სამი წლის მანძილზე. მისი მეგობრის საჯაროდ ჯვარზე სიკვდილის შემდეგ, რომელსაც თან ერთვოდა მისგან მისი მოწაფეობის უარყოფა, პეტრე დარწმუნებული იყო, რომ მისი როლი იესოს ისტორიაში დასრულდა.

მაგრამ იესოს ისტორია აქ არ დასრულებულა. მათ ყველას დაავიწყდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: ყოველთვის ღმერთს ეკუთვნის ბოლო სიტყვა.

აღდგომის დილას, როცა ყველა ფიქრობდა, რომ იესოს მთელი ისტორია უკვე დაიწერა, ზეციერმა მამამ ყველაზე ძლევამოსილი თავი ჩაწერა მის ისტორიაში. ლოდი გადაგორდა, ბეჭედი დაიმსხვრა და მცველები შიშმა მოიცვა (მათე 28:2-4). ეს ყველაფერი ამოწმებს, რომ არანაირ ადამიანურ ძალას ამ დედამიწაზე არ შეუძლია შეუშალოს ხელი ღმერთს საბოლოო სიტყვის თქმაში. იესო აღდგა, იგი ცოცხალია და ამ ჭეშმარიტამ ყველაფერი შეცვალა. პილატეს და მის მიერ ნაკარნახევ გარემოებებს არ გააჩნია ძალაუფლება უფლის ძეზე და მის მიმდევრებზე. მარიამმა იხილა მისი ძის სიკვდილი, არა როგორც დასასრული, არამედ კაცობრიობისთვის ღმერთის გამარჯვებული მადლის ისტორიის ნაწილი. მომდევნო

დღეებში პეტრემ აღმოაჩინა, რომ მისი მსახურება იმაზე მეტი იქნება, ვიდრე იმედოვნებდა ან წარმოიდგენდა (იოანე 21:15-19)

შესაძლოა ახლა გამოწვევების წინაშე გიწევთ ცხოვრება. დარწმუნებულები იყავით, რომ ღმერთი ამბობს ბოლო სიტყვას და ვერც მტერი და ვერც გარემოებები ვერ დაუპირისპირდება ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვას.

შესაძლოა თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან იტანჯება და უსუსური ხართ მისი ტკივილების შესამსუბუქებლად ან განსაკურნებლად. დაიმახსოვრე, ღმერთი იტყვის ბოლო სიტყვას და ეს სიტყვა იქნება სავსე მადლით და იმედით და საბოლოო გამარჯვებით.

შესაძლოა პეტრეს მსგავსად, ღმერთის მსახურებისთვის თავს უკვე უღირსად მიიჩნევ. შესაძლოა რაღაც მომენტში მიატოვეთ იგი და დარწმუნებული ხართ, რომ მანაც მიგატოვათ თქვენ. დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ღმერთს ეკუთვნის ბოლო სიტყვა და ეს იქნება აღდგენის და განახლების ძლევამოსილი სიტყვა. და ვინ იცის, იქნებ პეტრეს მსგავსად აღმოაჩინოთ, რომ ჯერ კიდევ წინ გელოდებათ ყველაზე დიდებული მსახურება.

ვლოცულობ თქვენთვის და მთლიანად ხსნის არმიისთვის, რომ ეს აღდგომა იყოს დღე, როცა გამოცხადდება, რომ იესოს ისტორია ჯერ არ დასრულებულა, რომ საბოლოო გამარჯვების სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ეს არის სიტყვა, რომელიც შეგახსენებთ, რომ ღმერთი უფრო დიდებულია ვიდრე ნებისმიერი მტერი და მოწინააღმდეგე. ეს იქნება ძლევამოსილი სიტყვა მადლით და იმედით სავსე განადგურებული და დამტვრეული გულების გასამთელებლად. ეს იქნება განახლების სიტყვა, რომელიც გაგვახსენებს იმას, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც უფრო დიდია ვიდრე მისი გამომსყიდველი მადლი.

ღმერთი იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს იქნება გამარჯვების სიტყვა!

გილოცავთ აღდგომას და ღმერთმა გაკურთხოთ,

ლინდონ ბაკინგამი,

გენერალი