,,გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას” იგავთა წიგნი 22:6.

ახალგაზრდები ოდითგანვე იყვნენ მამოძრავებელი ძალა ეკლესიისთვის. მათი ჩართულობით და სხვადასხვა ღონისძიებებით, როგორც ეკლესიის შიგნით, ასვე გარეთ, მრავალი ადამიანში ძირეული ცვლილება მომხდარა, გარდასახვა ქრისტეს მსგავსად.  სწორედ ზემოთხსენებული მსახურების მეშვეობით ახალგაზრდები შეიცნობენ ღვთის ნებას და უძღვნიან ცხოვრებას უფალს.  ახალგაზრდული მსახურება ყოველკვირეულად  ტარდება ხსნის არმიის ეკლესიებში და გაერთიანებული მსახურება სამ თვეში ერთხელ რეგიონის მასშტაბით.  შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული მსახურება ეკლესიაში?  არსებობს პასუხი: ღმერთი განსაკუთრებულ  მნიშველობას ანიჭებს ახალგაზრდებსა და ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე ჩანერგილ  ღმერთის სიტყვას და ამის ვალდებულებას ეკლესიასა და მშობლებს ანიჭებს: ,,ასწავლეთ თქვენს ძეებს და ელაპარაკეთ მათზე, როგორც სახლში ყოფნისას, ისე გზაზე სვლისას, როგორც დაწოლისას, ისე ადგომისას“ 2რჯ. 11:19.

ახალგაზრდული მსახურების ფორმატი  ძირითადად მსგავსია ყოველკვირეული მსახურებისა, თუმცა მცირეოდენი განსხვავებით, რაც მოიცავს საუბარს ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებზე, დისკუსიებსა და სხვა მრავალ საკითხს. მიზანი  შემდეგია: ახალგაზრდები სწავლობენ  ღვთის სიტყვას, მორწმუნეებთან ურთიერთობას, მსახურებას მოყვასის მიმართ, აღმოჩენას ახდენენ საკუთარ თავში არსებული  ნიჭებისა  და რაც ყველაზე მთავარია, პოულობენ  საკუთარ მოწოდებას უფალ იესო ქრისტეში.  

მხოლოდ  ზემოთ ჩამოთვლილით  არ შემოიფარგლება მოცემული მსახურება. უკეთესად გაცნობისა და დაახლოების საშუალება ერთად გატარებული დროა, რაც მოიცავს ლაშქრობებს, პიკნიკს ბუნებაში, სპორტულ თამაშებს, ექსკურსიებს სხვადასხვა ქალაქში, მონაწილეობას აქციებსა და ღონისძიებებში და სხვა.

ამ  მსახურების განუყოფელი ნაწილია ბავშვთა და ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები, ღრმად გვწამს რომ ღმერთი განსაკუთრებულად იყენებს ამ დროს ახალგაზრდების მავნე ჩვევების შესაცვლელად, მათ დასამოძღვრად და  რწმენაში განსამტკიცებლად. მრავალ ახალგარდას მოუნანიებია ცოდვები და უპოვია უფალი  სწორედ საბანაკო დღეებში.

ღმერთის მიმართ მსახურება არასდროს  არის მოსაწყენი!  ის იძლევა მიზეზს გადარჩენის სიხარულისა და განახლებული ცხოვრების. სწორედ ეს არის გზა თითოეული პიროვნებისათვის, რომ იოცნებონ და შემდეგ, ღმერთის დახმარებით მოიყვანონ თავიანთი გეგმები სისრულეში.