2023 წლის 3-5 მარტს, ბაკურიანში ჩატარდა შეხვედრა სახელწოდებით „ცხოვრების დიზაინი“. ამ შეხვედრას ესწრებოდა 30 დელეგატი, რომლებიც ჩამოსულნი იყვნენ საქართველოს რამოდენიმე ქალაქიდან, კერძოდ ხსნის არმიის ბათუმის, თბილისის და რუსთავის კორპუსებიდან (ეკლესიებიდან). დელეგატებმა გაატარეს ნაყოფიერი სამი დღე, სადაც ქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან ურთიერთობის და თანამოზიარეობის, ასევე უფლის განდიდების, თაყვანისცემის და სიტყვის შესწავლის.
„ცხოვრების დიზაინი“ მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს დაინახონ საკუთარი თავი უფალთან თანაცხოვრებაში, მისცენ წმინდა სულს იმის ნება, რომ ფორმირება მოახდინოს მათი ცხოვრების და ამავდროულად დაინახონ საკუთარი თავი მსახურებაში. ზემოთ თქმული შეხვედრის თემები გამომდინარეობდა შემდეგი მუხლებიდან: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ. ოდესღაც რომ არახალხი იყავით, ახლა ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც რომ არაშეწყალებულნი იყავით, ახლა შეწყალებულნი ხართ“. 1 პეტრე 2:9-10 იმ დღეების განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე. შევეხეთ ისეთ საკითხებს თუ: რას ნიშნავს იყო ხსნის არმიის ჯარისკაცი? როგორ იცხოვრო ქრისტესმიერი ცხოვრებით? იტვირთო საკუთარი ჯვარი და გაყვე ქრისტეს? ასევე ამ სემინარის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია ცხოვრების ხის დახატვა, სადაც დელეგატი ხატავს საკუთარი ცხოვრების ხეს და ცდილობს დაინახოს და გააანალიზოს, თუ რაზე აფუძნებდა და აფუძნებს საკუთარ ცხოვრებას, რა მორალით და პრინციპებით ცხოვრობს, სად მიდის და რისკენ მიისწრაფვის ცხოვრებაში? იხსენებს იმ ფაქტორებს, ადამიანებს, მოვლენებს, რომლებმაც მოახდინეს გავლენა მის ცხოვრებაზე. ამ სამმა დღემ დატოვა საკმაოდ კარგი კვალი ახალგაზრდების ცხოვრებაში, ზოგიერთისთვის კი წარუშლელიც. ბევრმა მათგანმა გადააფასეს საკუთარი ცხოვრება, პრიორიტეტები და განამტკიცეს საფუძველი, რომლებზეც ისინი ამყარებდნენ საკუთარ ცხოვრებას. გადადგეს მკაფიო და გადამწყვეტი ნაბიჯები. იმედი გვაქვს, რომ ამ დღეების შედეგები უფრო მეტად გამოვლინდება მათ ცხოვრებაში, როგორც მათ პირად ურთიერთობაში უფალთან, ასევე ეკლესიასა და მათ მსახურებაში.